რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
30 აგვისტო 2023გვსურს გამოვეხმაუროთ პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ ტყუილსა და ცილისწამებას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბათუმში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი ასახავს ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალს, ოპონენტები აგრძელებენ დაუსაბუთებელ და უსაფუძვლო ბრალდებებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით.
კურორტებისა და ქალაქების ახალი პროგრამით, დაგეგმილია ისტორიული (ძველი) ბათუმის არეალის ურბანული განახლება. განახლდება ისტორიული ბათუმის ცენტრალური და შიდა ქუჩები, რაც მოიცავს შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციას, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენობების რესტავრაციას, ქუჩების მიმდებარე ინფრასტრუქტურის - საინჟინრო გაყვანილობის, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, განახლება-მოწყობას, რეკრეაციას და სხვა.
უკვე გამოცხადებული ტენდერი 8 სექტემბერს გაიხსნება და დაიწყება შემოსული წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი. გამოცხადებული ტენდერის აღწერაში მითითებულია პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს არეალიც და სახეობებიც - ჩამოთვლილია 800-ზე მეტი სამუშაოს პოზიცია. სატენდერო დოკუმენტაციაში, ასევე მითითებულია ქუჩების ჩამონათვალი, სადაც განხორციელდება ურბანული განახლების სამუშაოები, მაგალითად: მემედ აბაშიძის, ზურაბ გორგილაძის, ახმედ მელაშვილის, მერაბ კოსტავას, ნოე ჟორდანიას ქუჩები სრულად და ამ ქუჩების კვეთები; ასევე, 26 მაისის, ვაჟა-ფშაველას, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ნაწილი და სხვა.
ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს, 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის ,,გმირთა ხეივნის“ სრული რეაბილიტაცია. ხეივანში უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდის მიწისქვეშა ხიმინჯები და რეკრეაციული სივრცეები. პროექტის განხორციელება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად, გრძელდება ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მთლიანი მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, გამწვანების ზოლის, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათების, სკამების და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები. ხეივანში მშენებარე სახიდე საფეხმავლო და ველო გადასასვლელი, საფეხმავლო პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის.
ინტენსიურად გრძელდება ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეკონსტრუქციაც. უკვე მოეწყო ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე სისტემა, რომელიც ამ მონაკვეთზე აქამდე არასდროს ყოფილა. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, რათა უკვე დაიწყოს ასფალტის მესამე ფენის დაგება. კომუნიკაციების მოსაწყობად დამატებითმა სამუშაოებმა და ზამთრის პერიოდში გაუარესებულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, მოითხოვა დამატებითი დრო, რის გამოც პროექტის დასრულების ვადამ გადაიწია მიმდინარე წლის შემოდგომამდე.
რაც შეეხება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 3 გვირაბის და 16 ხიდის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გრძელდება დარჩენილი ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოებიც. მიუხედავად გასულ წელს არსებული გამოწვევებისა, კონტრაქტორმა კომპანიამ მოახერხა და აღადგინა სამუშაოების ტემპი. ამჟამად, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში #4 და #5 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციასაც გეგმავს. ჯამში, 1500-ზე მეტ მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება. ორივე სკოლის რეაბილიტაციისათვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.